ქალაქ ბათუმს მალე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, სულიკო ჟღენტის ბათუმის კინოს მუზეუმი შეემატება. მუზეუმში ასახული იქნება ქართული კინოს ისტორია და თანამედროვე კინოხელოვნების განვითარების ტენდენციები. შეიქმნება კიდევ ერთი ახალი, მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა, რომელიც უმასპინძლებს როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე სტუმრებს.
ბათუმის კინოს მუზეუმის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის სრული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე სსიპ “აჭარის მუზეუმმა” ტენდერი 2023 წლის მარტში გამოაცხადა, გამოვლინდა გამარჯვებული. სამშენებლო პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების მუზეუმის მოწყობას, რომელშიც განთავსდება საექსპოზოციო დარბაზები, ფონდსაცავი, მოსასვენებელი სივრცე და კინო დარბაზი. სივრცეები აღიჭურვება მაღალტექნოლოგიური ინვენტარითა და მუზეუმი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.